TechCrush - ტექნოლოგიური ცნობიერების ამაღლება განვითარებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ავთანდილ მღებრიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელია, რომელში შემავალი ერთ-ერთი ნაწილი 2014 წელს გახსნილი FabLab Iliauni-ა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სტარტაპებისთვისა პროდუქტების შექმნაში დახმარებაა.

ავთანდილი 2017 წლიდან ჩართულია საგანამანათლებლო პროგრამების შექმნაში. მისი თქმით, ერთ-ერთი მსგავსი პროგრამის ფარგლებში, მათ 300-ზე მეტ სკოლაში ჩამოაყალიბეს ტექნოლოგიური მეწარმეობის კლუბები, სადაც ისწავლებოდა 25-ზე მეტი მიმართულება უფასოდ.

"ეს იყო, მაგალითად, რობოტიკა, ელექტრონიკა, გრაფიკული დიზაინი, 3D დიზაინი, PYTHON-ის პროგრამირება, ვებ-დეველოპმენტი, მობაილ-დეველოპმენტი და ა.შ. თანამედროვე ტექნოლოგიური მიმართულებების კუთხით, არაფორმალური განათლების მიმართულებაზე ვმუშაობდით და ვაზიარებდით ცოდნას", - ამბობს მღებრიშვილი.

რამდენიმე წლის წინ, მას და მის კოლეგებს გაუჩნდათ იდეა, რომ მათი გამოცდილების გაზიარების არეალი კიდევ უფრო გაეფართოვებინათ და განსხვავებული ფორმატით, მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინათ. ავთანდილ მღებრიშვილი აღნიშნავს, რომ "განათლება და გაზიარება არის ორი ისეთი რამ, რაც მუდმივად უნდა ვაკეთოთ, რომ განვვითარდეთ და წინ წავიდეთ".

იდეის საწყისები

YouTube არხის შექმნის იდეა, მას და მის ექვს თანაგუნდელს 3 წლის წინ გაუჩნდათ. ავთანდილ მღებრიშვილის თქმით, იმ პერიოდში RedBull SoapBox-ის შეჯიბრი ტარდებოდა, რომელიც ხშირად იმართება ხოლმე უცხოეთში. ის იხსენებს, რომ სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, რომ ამდენი საქმისა და პროექტის შემდეგ, თავად შესულიყვნენ მონაწილის ამპლუაში.

"სახელის - TechCrush-ის იდეაც აქედან წამოვიდა. "Crush" ჯენზური ტერმინია - ლტოლვა რაღაცის მიმართ, აგრეთვე ტექნოლოგიების ტესტირებასაც აღნიშნავს. ტექნოლოგიების მიმართ ლტოლვა და თან მათი ტესტირება - სწორედ აქედან გამომდინარეობს ეს სახელიც. SoapBox-ის გუნდსაც ეს სახელი დავარქვით და ამითვე დავიწყეთ საზოგადოებაში დამკვიდრება", - ამბობს მღებრიშვილი.

შეჯიბრისთვის გუნდმა გააკეთა მანქანა, გადაიღეს ყველა ეტაპი და შემდეგ, ავთანდილის თქმით, "შემთხვევით გაიმარჯვეს" კიდეც.

"პროცესით ძალიან გავერთეთ, ხოლო ამ გამარჯვების შემდეგ, საკითხზე ფიქრი უფრო სერიოზულად დავიწყეთ. დავამონტაჟეთ ვიდეო, მაგრამ შემდგომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ცუდი რამ მოხდა - რუსული კანონი, აქციები. ასეთი პერიოდი დაემთხვა და აღარავის ეცალა ამ ყველაფრისთვის. ქვეყანაში კარგი მდგომარეობა ახლაც არ არის, მაგრამ ახლა ყველა პროექტი, რაც გვქონდა, გავაჩერეთ - მოგვიწია ზოგის გაჩერება, რადგან ბევრი ტიპის დაფინანსება შეიზღუდა. გაჩერდა ის პროექტებიც, რომლებითაც ვეხმარებოდეთ ბავშვებს რეგიონებში. გაზიარების ნაწილი, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სადაც უფრო რთულად მიწვდომადია მსგავსი ტექნოლოგია და უნარები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ადამიანების მოძიებაც რთულია, რომელსაც ადგილობრივები, მაგალითად, რჩევას კითხავენ. ასეთი სირთულეები გვაქვს, სამწუხაროდ, საქართველოში", - აღნიშნავს ავთანდილ მღებრიშვილი.

მღებრიშვილის თქმით, ასეთ სტრესსა და უიმედობაში გაახსენდათ ვიდეოს შესახებ და გადაწყვიტეს, რომ სხვებისთვის ცოდნის გაზიარების მიზანი, ამ სახით განეხორციელებინათ.

"პირველი ვიდეო დავდეთ, შემდეგ კი განვაგრძეთ და ახლა უკვე ოთხი ვიდეო გვაქვს. სამი კვირაა დავიწყეთ და თითქმის 800 გამომწერზე მეტი მოგვემატა ამ კვირაში, რაც მე მგონია, რომ არ არის ძალიან ცუდი შედეგი, ვინაიდან სულ ახალი დაწყებული გვაქვს არხი და მიზნად გვაქვს გავაგრძელოთ ეს საქმე".

მიზანი და ფორმატი

როგორც ავთანდილ მღებრიშვილი ამბობს, TechCrush-ის მთავარ მიზანს ტექნოლოგიური ცოდნის მარტივად და ყველასთვის გასაგებად გადმოცემა წარმოადგენს.

"ჩვენს გამოცდილებას გავაზიარებთ ვიდეოებით, რომლებსაც ინფორმაციული ხასიათი ექნება, მაგალითად რაიმეს აწყობის, AI ხელსაწყოების. ამას ვაკეთებთ ცალკე".

გუნდმა პოდკასტების ერთ-ერთ მიმართულებად კეთება კი იმიტომ დაიწყო, რომ სხვა ქართველებიც გააცნონ მაყურებელსა და მსმენელს, რომლებიც ჩართულები არიან კრეატიულ და შემოქმედებით ინდუსტრიაში, თუმცა ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ.

"ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ მუშაობენ, ოღონდ აქედან. გვსურს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბაბლში არიან, მოვიწვიოთ პოდკასტებში და ხალხს გავაცნოთ ისინი. გვსურს, რომ მათზე იცოდნენ ისეთმა ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ამ სფეროში მოხვედრა და არ არიან დარწმუნებულები, ღირს თუ არა ამის კეთება და ღირს თუ არა ეს ზოგადად საქართველოში. მოტივაციის მხარე გვაქვს საკმაოდ დიდი, რომ მსგავსი ტიპის ადამიანებზე დადებითად ვიმოქმედოთ".

ავთანდილ მღებრიშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ YouTube სივრცეში მეტწილად გასართობი კონტენტია.

"ბოლო დროს საგანმანათლებლო ხასიათის ბევრი პოდკასტი დაიწყო, მაგრამ ეს არ ეხება ტექნოლოგიების ნაწილს. ძირითადად არის ხელოვნება, პოლიტიკა ან სხვა. გვინდა ვნახოთ, რამდენად დიდია ამ მიმართულებით ინტერესი და რამდენად საინტერესოდ გამოგვივა ეს ყველაფერი. ჩვენთვის კამერებთან მუშაობა არ არის მაინც და მაინც ჩვეული გარემო და ახლაც, სულ სწავლის პროცესში ვართ. ვიღებთ ხოლმე ძალიან კარგ უკუკავშირს, ეს კი ძალიან გვაბედნიერებს".

რაც შეეხება ფორმატს, YouTube პლატფორმის გარდა, TechCrush-ი ხელმისაწვდომია Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. აუდიო ნაწილი Spotify-ზე არის, ხოლო გუნდი გეგმავს შემდგომში SoundCloud-ზეც განათავსონ კონტენტი.

"გვსურს უფრო მეტი რამ გავაკეთოთ ამ მიმართულებით. გვინდა, რომ ტექნოლოგია, რობოტიკა კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ ქვეყანაში, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიო რობოტების აწყობას იწყებს და ჩვენ ჯერ სხვა პრობლემებზე ვართ შეჭიდებულები. მიზანიც ეს არის, რომ პოპულარიზება მოვახდინოთ ამ ყველაფრის, გავაზიაროთ ჩვენი თავგადასავლები და ვნახოთ, რა უკუკავშირი იქნება ადამიანებისგან, რასაც მაქსიმალურად გავითვალისწინებთ".

მსოფლიო ტექნოლოგიური ფონი და საქართველო

ავთანდილ მღებრიშვილი აღნიშნავს, რომ ყველა პოდკასტერის აზრი საკითხზე საუბრის შემდეგ ერთია - მსოფლიო მომავალი ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტიკას ეკუთვნის, რაც, მისი თქმით, ბევრის საშიშად ეჩვენება.

"ისინი ავტომატურად ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა და მათი განვითარება ბევრი ადამიანის უმუშევრად დატოვებას ნიშნავს, რაც რეალობას მოწყვეტილი საერთოდ არ არის. მაგრამ ზოგ საკითხს ზოგჯერ არასწორად ვუყურებთ ხოლმე, რადგან პროფესიული განვითარება ყოველთვის იყო და სულ არსებობდა და არის ახლაც პროფესიები, რომლებიც დროსთან ერთად ქრება, იმიტომ რომ სიახლეები მოდის და ნაცვლდება. როდესაც ახალი ტექნოლოგია ჩნდება, ჩნდება ახალი პროფესიებიც, ახალი მიმართულებები, ახალი როლები და საქმეები".

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუკი ამ ახალი პროფესიების დროულად ათვისება მოხდება.

"ადრე, ხშირ შემთხვევაში, კომპიუტერი და ინგლისური ითვლებოდა ყველაფრის ცოდნად, რაც ახლა ასე ნამდვილად აღარ არის. ყოველ წელს, შესაძლოა, ახალი უნარი დაგჭირდეს. მუდმივად გჭირდება ადამიანს განვითარება. რომ ამბობენ ხოლმე, ერთხელ ისწავლი და მორჩა და კენწეროში გატკბილდების, ეგ კენწერო ყოველ წელს მაღლდება. მუდმივად მოძრაობაში უნდა ვიყოთ, ვეძიოთ სიახლეები. რაც მთავარია, ყველაზე კარგი უნარი, რომ ჩვენი კრეატიული მიმართულების გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ, დღეში ერთხელ მაინც წავიკითხოთ ან ვუყუროთ ისეთ რამეს, რაც ჩვენს ძირითად სფეროს არ ეხება. ბიზნესი და ტექნოლოგია ცდილობს, რომ იაფად აკეთოს ყველაფერი, რაშიც იგულისხმება, რომ ადამიანური ჩარევა იყოს ნაკლები - ნაკლები ფული გადაუხადოს ადამიანს, სამაგიეროდ კი ავტომატიზაცია გააკეთოს სისტემების. დროულად უნდა ვიყოთ სწორ ადგილას. რასაც ვაკვირდები, მსოფლიოში ერთეული დიდი კომპანიები არიან, რომლებიც ბაზარს იჭერენ ამ სფეროში. ასეთი დომინაცია რომ არ მოხდეს, საჭიროა ავჩქარდეთ და ტემპს მივყვეთ".

რაც შეეხება საქართველოს, მღებრიშვილის თქმით, ინდივიდუალურ დონეზე, კონკრეტული ადამიანები ცდილობენ მსოფლიო პროგრესისთვის ფეხის აწყობას. ის აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ დონეზე, ბევრი წარმატებული ქართველია ინდუსტრიაში, რომლებიც, სამწუხაროდ, აღარ არიან საქართველოში, მოღვაწეობენ უცხოეთში და იქ ცდილობენ საკუთარი უნარების განვითარებას.

"სახელმწიფო კი ძალიან ნელა მიდის წინ, ვერ ვუწყობთ ხელს ამ ტექნოლოგიურ პროგრესს. ჯამურად, შესაძლოა ითქვას, რომ საზოგადოების ბრალია, რომ ტექნოლოგიების ნაწილი საქართველოსთვის პრიორიტეტი ვერ ხდება, როგორც საგანმანათლებლო, ისე სხვა მიმართულებებით. ეს იწვევს სერიოზულ პრობლემებს. შესაძლოა შეიქმნას ტექნოლოგიური ჰაბები, რითაც შევძლებთ რესურსების იდეალურად გამოყენებას, რაც ფინანსურადაც მიმზიდველი იქნება და ბევრ ადამიანს ინდივიდუალურ დონეზეც დააინტერესებს".

ავთანდილი მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნებში მიღწეული კონკრეტული განვითარება, ჩვენთან წლების შემდეგ შემოდიოდა ხოლმე, ახლა კი ამის დრო საგრძნობლად შემცირებულია.

"ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ არსებობს საზოგადოება - 200-300 ადამიანი, ვისაც მეტნაკლებად თავისი პატარა წრე ჰყავს. გაზიარების ნაწილი გაიზარდა - ადამიანების, ვისაც შეუძლიათ ეს თანამედროვე უცხოური ინფორმაცია დაამუშავონ და მერე გაუზიარონ სხვებს. გვინდა, რომ შევინარჩუნოთ და კარგი იქნება, რომ ამასთან ერთად, განვავითაროთ კიდეც, რადგან სულ დევნაში ყოფნის ნაწილიც უინტერესოა. რაღაც მომენტში, მოგვიწევს, რომ აუცილებლად ახალი შევთავაზოთ ბაზარს, ახალი უნდა შევთავაზოთ მსოფლიოს".

ავთანდილ მღებრიშვილის აზრით, დიდი მნიშვნელობის მატარებელია ტექნოლოგიური კვლევებიც, რომლებიც არ საქართველოში არ ტარდება.

"ეს, პირველ რიგში, უნივერსიტეტების ერთ-ერთი ვალია, შემდეგ კი სახელმწიფო მიდგომის, რომ კეთდებოდეს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში კვლევები. მაგალითად ავიღოთ ელექტრო მანქანები, რომელთა გაკეთებაც უმარტივესია, მაგრამ არ არსებობს აქ ამის საშუალება, რადგან არც ქარხანაა ასეთი და არც რესურსი და ცხადია, კვლევებიც არ არის. კვლევების გარეშე ტექნოლოგიური სიახლეები არ იქმნება. ეს არის სიახლეებისა და ინოვაციების მთელი ფორმულა".

TechCrush-ის სამომავლო გეგმები

YouTube არხის სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მღებრიშვილი აღნიშნავს, რომ იგეგმება ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობა საზოგადოებისთვუს პოდკასტების ნაწილით. გარდა ამისა, აპირებენ დაიწყონ საინფორმაციო ვიდეობის განთავსება ტექნოლოგიებსა და მათთან დაკავშირებულ სიახლეებზე. მისი თქმით, შინაარსი იქნება საგანმანათლებო, დაემატება გაიდლაინ ვიდეოებიც - მაგალითად, ხელსაწყოების გამოყენებაზე.

"ასევე გვექნება ჩელენჯები. ჩვენ გვსურს, რომ დიდი საგანმანათლებლო და არა მხოლოდ, ღონისძიებები შემოვიტანოთ, როგორიცაა რობოტების ბრძოლა. შარშან ეს ჩვენ ნაწილობრივ დავიწყეთ კიდეც და გვსურს რომ კიდევ მეტად გავაძლიეროთ. ჩვენი მიზანია თითოეულ სკოლას და უნივერსიტეტს ჰყავდეს გუნდი - გვსურს განვავითაროთ სპორტული ხაზი საგანმანათლებლო და საბრძოლო რობოტებში. ასევე ვმუშაობთ დრონების რობოტების მიმართულებით, რაც საკმაოდ საინტერესოა გლობალურ ბაზარზეც.

გარდა ამისა, აქცენტს გავაკეთებთ ზოგადად სტარტაპებზე, სამეწარმეო განათლებაზე, ტექნოლოგიურ განათლებაზე. ასევე გვექნება პატარა ექსპერიმენტები. იგეგმება ასე მიმართულება, რომლის სახელი დაახლოებით იქნება - "რა იქნებოდა?". აქ გავაერთიანებთ იმ ფრაზებსა და გამონათქვამებს, რომლებიც ხშირად ბავშვობაში გვესმოდა. ახლა ვმუშაობთ ვიდეოზე - "მამაჩემმა მამაშენს რომ დაარტყას, ამერიკაში გადააფრენს", სადაც ვზომავთ რა მატერიის უნდა იყოს მამა, რა აჩქარებით და რამდენი გრადუსით უნდა დაარტყას, რა სიჩქარე იქნებოდა საჭირო და რამდენ ხანში ჩავიდოდა ამერიკაში. ასეთი იუმორისტული ფრაზების გამოთვლას გავაკეთებთ ფიზიკით, ქიმიითა და ტექნოლოგიურად".

Business News

Trio Dighomi – Trio Group-ის ახალი პრემიუმ პროექტი

Trio Dighomi-ის მშენებლობა თბილისში, დიღომში, ბოცვაძის ქუჩაზე იწყება