მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, ხედვა და მაღალი ხარისხის ახალი სტანდარტი ქართულ მოდაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართულ მოდის ინდუსტრიაში სულ უფრო მეტი ახალი სახე და მიმართულება ჩნდება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ცვლილებების მთავარი შემოქმედი ხდებიან. ერთ-ერთი მათგანია მაშო ნასყიდაშვილი – მოდის სტილისტი და კრეატიული დირექტორი, რომელიც უკვე წლებია ქმნის უნიკალურ ვიზუალურ კონტენტს და საკუთარ ხედვას ქართულ მოდაში ნერგავს.

მაშო მუშაობს კომპანიაში MORE IS LOVE, სადაც კონტენტის მიმართულებას ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, ის დამოუკიდებლადაც თანამშრომლობს სხვადასხვა ბრენდთან კონკრეტულ პროექტსა და შეკვეთაზე. სწორედ მისი პროფესიული გამოცდილებისა და ხედვის საფუძველზე დაარსდა ახალი ფროდაქშენ ჯგუფი – Ease Production-ი, რომლის თანადამფუძნებლები არიან ირაკლი გაბელაია და თედო ზურაშვილი. ჯგუფი ბრენდებს სთავაზობს მაღალი ხარისხის კრეატიულ გადაღებებს და სრულად იღებს პასუხისმგებლობას ვიზუალური კონცეფციის შექმნაზე.

"საქართველოში დაბრუნების შემდეგ მივხვდი, რომ მსგავსი ტიპის სერვისის ნაკლებობა იყო ბაზარზე. ჩემი გამოცდილება იტალიიდან და იქ მიღებული განათლება დამეხმარა გამეაზრებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი ვიზუალური კონტენტი ბრენდის განვითარებისთვის", – ამბობს მაშო.

მისი მიზანი იყო ის, რომ ქართულ ბაზარზე შემოეტანა საერთაშორისო სტანდარტები და ბრენდებისთვის შეექმნა პლატფორმა, სადაც მათი პროდუქტი უნიკალურ და პროფესიონალურ ფორმაში წარმოჩინდებოდა.

ამ სფეროში მუშაობა სირთულეებთანაა დაკავშირებული – განსაკუთრებით მაშინ, როცა ცდილობ რაღაც ახალი შესთავაზო ბაზარს. მაშო იხსენებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, ადამიანებისთვის ეჩვენებინა ასეთი სერვისის მნიშვნელობა და დაერწმუნებინა, რომ ინვესტიცია კრეატიულ გადაღებაში აუცილებელია ბრენდის წარმატებისთვის.

"საწყის ეტაპზე ბევრს არ ჰქონდა წარმოდგენა, რატომ იყო მნიშვნელოვანი ვიზუალური კონტენტის ხარისხი. დრო დასჭირდა, სანამ ნდობა მოვიპოვეთ, მაგრამ დღეს უკვე ბევრი ბრენდი გვენდობა და სწორედ ჩვენს გუნდთან ერთად ქმნის მათთვის მნიშნველოვან პროექტებს", – ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ მოდის სფეროში ქალები ხშირად წამყვან პოზიციებზე არიან, მაშო აღნიშნავს, რომ მაინც არსებობს სტერეოტიპები, განსაკუთრებით პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. თუმცა მისი თქმით, პირადად მას მსგავსი პრობლემები არასდროს ჰქონია. ალბათ იმიტომ, რომ მისი მუშაობის სტილი და შედეგები ყოველგვარ ეჭვს აცლის ადგილს.

დამოუკიდებლად მუშაობამ მაშოს ბევრი რამ ასწავლა. მთავარი გაკვეთილი იყო – არ გაჩერდე, არ შეუშინდე სირთულეებს და მუდმივად განაგრძე განვითარება.

"აუცილებელია იყო მოტივირებული, გჯეროდეს საკუთარი იდეების და იცოდე, რომ შეგიძლია შრომის შედეგად ყველაფერს მიაღწიო", – ამბობს მაშო. ახალბედა ანტერპრენერებს ურჩევს, რომ არასოდეს შეეშინდეთ რისკების – სწორედ იქ იმალება მთავარი შესაძლებლობები.

მისთვის ანტერპრენერობა ნიშნავს, რომ დაინახო შანსი იქ, სადაც სხვები პრობლემას ხედავენ – მიიღო რისკი, იფიქრო განსხვავებულად და შექმნა ღირებულება.

შთაგონება კი მის ცხოვრებაში ყველგან არის – კითხვაში, ხელოვნებაში, კულტურაში, მოგზაურობასა და ადამიანებთან ურთიერთობაში.

"მახარებს ის, რომ ჩემი ნამუშევრები ეხმარება ბრენდებს იდენტობის ფორმირებაში და ხელს უწყობს მათ წარმატებას," – აღნიშნავს ის.

მომავალს მაშო სერიოზულად უდგება – სურს, რომ საკუთარი საქმიანობა საერთაშორისო დონეზე გააფართოოს, ითანამშრომლოს სხვადასხვა ბრენდთან და შექმნას ისეთი პროექტები, რომლებიც ქართულ კრეატიულ ინდუსტრიას კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის.

"ასევე, მინდა ჩემი გამოცდილება გავუზიარო ახალგაზრდებს – განსაკუთრებით სტუდენტებს, რომლებსაც სჯერათ კრეატიულობის ძალის. მჯერა, რომ ცოდნის გაზიარება არის გზა უკეთესი მომავლის შესაქმნელად", – მიაჩნია მაშო ნასყიდაშვილს.

Business News

Trio Dighomi – Trio Group-ის ახალი პრემიუმ პროექტი

Trio Dighomi-ის მშენებლობა თბილისში, დიღომში, ბოცვაძის ქუჩაზე იწყება

Business News

ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი 2 წლისაა

"ვილაპარაკოთ" - კომპანია ახალი საკომუნიკაციო პლატფორმით წარდგა

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი